
ოპოზიცია – მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო საუბარზე: "ივანიშვილს მშვიდობიანად წასვლისთვის ბოლო შანსს მისცემენ"
11/12/2024 12:08:21 პოლიტიკა
ოპოზიციაში ეხმიანებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელფონო საუბარს.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ "ივანიშვილს მშვიდობიანად წასვლისთვის ბოლო შანსს მისცემენ".
"ივანიშვილს ბოლო შანსს მისცემენ, მშვიდობიანად წასვლის.მაკრონი იქნება მასთან შუამავალი. თავს უშველის, ბევრი აქვს დასაკარგი.აი, ის ხალხი რას აპირებს, ვინც ფრანგულ რივიერაზე ვერ გავა პენსიაზე, სამშობლოს ღალატისგან დაღლილი, ეგ არ ვიცი.და კობახიძე რომ 'პრემიერია,' ეგ მაკრონმა ეტყობა არ იცის", – წერს სამადაშვილის სოციალურ ქსელში.
პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ "მაკრონის ზარი ივანიშვილთან (და არა კობახიძესთან) ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას (როგორც არალეგიტიმურს) არ აღიარებენ".
"მაკრონის ზარი ივანიშვილთან (და არა კობახიძესთან) ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას (როგორც არალეგიტიმურს) არ აღიარებენ. მაკრონმა ივანიშვილს დაურეკა, როგორც საქართველოში დიქტატურაზე პასუხისმგებელ საფრანგეთის მოქალაქე რუს ოლიგარქს. ყველაფერი მიდის გეგმაზომიერად - ძალიან ცუდად ოცნებისთვის და ძალიან კარგად ქვეყნისთვის და ხალხისთვის", – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "არანაირი ლეგიტიმაცია არც ე.წ. პრემიერს, არც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან არ აქვს"
"მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია. ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც მართავს. არანაირი ლეგიტიმაცია არც ე.წ. პრემიერს, არც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან არ აქვს და მესამე, მივესალმები, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩართულობა არის კრიზისში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობის ნაცვლად ქაოსი, დაპირისპირება, რეპრესიები. ჩვენი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია: უპირობოდ გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და ეორე - ახალი არჩევნების დანიშვნა, - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, გიორგი ვაშაძე.
ელისეის სასახლე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ელისეის სასახლე ადასტურებს, რომ დიალოგი მაკრონის ინიციატივით გაიმართა.
"საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი თავისი ინიციატივით "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება ისევე, როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.
მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპული ტრაექტორიიდან და დაადასტურა თავისი რწმენა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს კურსი, რომელიც არჩეულ იქნა ან იქნება.
მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა", – ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში, რომლის თარგმანსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
მანამდე, „ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა.
ცნობისთვის: მე–14 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან. პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
10 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციების დროს დაკავებულ 327 პირს, რომელთაგან 225 ადამიანი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.