Accentnews.ge
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

11/12/2024 14:10:14 პოლიტიკა

“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან! დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალოემ ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან,” - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

იუკნევიჩიენეს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში მას გარდა ასევე ჩანს ევროპარლამენტარი რენიე ვან ლანშოტი.

ცნობისთვის: მე–14 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან. პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

10 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ აქციების დროს დაკავებულ 327 პირს, რომელთაგან 225 ადამიანი მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157 პირს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S