
უდუმაშვილი – „ოცნებას“: „4 აპრილს დაგვთვალეთ“
18/02/2020 07:00:31 საშინაო პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს „სამარცხვინო სესიების“ ჩატარება საპროტესტო აქციების ფონზე მოუწევს.
მისივე თქმით, ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბური აქციისთვის მზადებას განაგრძობს.
„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, პარლამენტში შევიჭრათ. დღევანდელი აქციით ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ. უნდა იცოდეს „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომ ნამდვილად არ მივცემთ სამარცხვინო სესიების ასე თავისუფლად ჩატარების საშუალებას, რომელზეც ისინი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებენ. აუცილებლად გაიგებენ ჩვენს ხმაურსაც, ჩვენს პროტესტსაც აქედან, ყველგან მივაწვდენთ ხმას, სადაც იქნება. აქციები,პიკეტირება, აქციები, რომლებიც შემდეგ გაიმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, არის მზადება იმ დიდი აქციისთვის, რომელსაც 4 აპრილისთვის ვგეგმავთ. შემდეგ მოვიდნენ და დაგვთვალონ აპრილში, რამდენი ადამიანი გამოვა ამ რეჟიმის გასაპროტესტებლად“ ,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტთან ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნების“ მოწყობას გეგმავენ და განმარტავენ, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.
გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან.
მმართველი გუნდის რიგ წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ოპოზიციის აქციებზე მხოლოდ "60 –დან 200–მდე "ნაციონალი" იკრიბება".