Accentnews.ge
საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

საჯარო მოხელეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

11/12/2024 16:36:32 საზოგადოება

რესპუბლიკის მოედანზე საჯარო სექტორის თანამშრომლები არიან შეკრებილები.

საჯარო სექტორში დასაქმებული პირები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც პროტესტი მიმდინარეობს.

ისინი 2028 წლამდე წევრობის განაცხადზე უარის თქმას და საჯარო სექტორში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ. ისინი დამსაქმებლებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ იმ დასაქმებულების დაშინება, რომლებიც "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნებიან.

ცნობისთვის: მე–14 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. თბილისში აქციის მონაწილეები პარლამენტთან იკრიბებიან. პარალელურად აქციებია ქვეყნის სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმსა და ქუთაისში.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S