
"დამოუკიდებელი დეპუტატები" შოთაძის გენპროკურორად არჩევის პროცესს არ დაესწრებიან
18/02/2020 07:35:03 საშინაო პოლიტიკა
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ არ დაესწრებიან პარლამენტის პლენარულ სხდომას, რომელზეც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი.
„დამოუკიდებელი დეპუტატები“ ემიჯნება საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის მიზნით მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილი საკითხის განხილვასა და კენჭისყრას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად ფრაქცია უარს აცხადებს 2020 წლის 18 თებერვალს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილოებაზე (ბოიკოტი)”, – ნათქვამია ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპარლამენტო ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” „ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს გამოსულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. მისი წევრები არიან: მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე.
გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. დღეს მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნები“ მოწყვეს და განმარტავენ, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემთხვევაში პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.