
წულუკიანი: ახალგაზრდებს ჩვენ მიმართ ბრაზი აქვთ და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი
12/12/2024 06:29:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” დეპუტატი, ყოფილი მინისტრი თეა წულუკაინი აღიარებს, რომ ახალგაზრდებში მათ მიმართ ბრაზი არსებობს და "ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი”. ამის შესახებ მან სახელისუფლებო მედიასაშუალების "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, საგნობრივი დისკუსიაა საშირო.
„აქ იყვნენ პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები, რომლებსაც კავშირი არ აქვთ პარტიებთან, ზოგს აქვს, მაგრამ არიან ბევრი, ვისაც არ აქვთ კავშირი პარტიებთან და ასეთ ახალგაზრდებთან, მე მჯერა, რომ საგნობრივი დისკუსია საჭიროა, რადგან ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალია. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო რა იციან მათ იმის შესახებ, თუ რის ფასად და როგორ იყო მიღწეული უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან.
საინტერესო იქნებოდა დისკუსიის ფარგლებში გამოგვერკვია, რაც იციან ახლა მოქმედი ხელისუფლების შესახებ. იციან თუ არა ამ ახალგაზრდებმა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის, ვინც მათ დაუტოვებს სამართლებრივ დოკუმენტს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქვია – რუსეთის წინააღმდეგ დავა, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ და რუსეთს მოვუგეთ. ეს მათთვის ძალიან სერიოზული მშვიდობიანი იარაღია, რომ ქვეყანა გაამთლიანონ და რუსის ჯარი გაიყვანონ ქვეყნიდან.
მათ აქვთ ჩვენ მიმართ ბრაზი და ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი. ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯერჯერობით ვერ შევძელით განათლების სისტემაში ფუნდამენტური საფუძველი ღირებულებებისა გაჯდეს და დავამკვიდროთ. ამიტომ, ამ ახალგაზრდებთან ბევრია სასაუბრო და მხოლოდ იმის ძახილი, რომ ცუდად იქცევით და ასე არ შეიძლება, მე მგონია, რომ არ კმარა. იმის თქმა, რომ შენ რადგან ქუჩაში ხარ, ნაცი ხარ, არ მგონია სწორი, უბრალოდ არიან ისეთებიც, რომლებმაც ვერ გაიგეს რაღაცები, ან არ ახსოვთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 500-მდე ადამიანი. დაკავებულთა უმეტესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. მათ აღენიშნებათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები, მათ შორის, მოტეხილობები. უფლებადამცველები საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებულ მეთოდებს წამების კვალიფიკაციას აძლევენ. ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული.