
დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა
12/12/2024 08:10:23 საზოგადოება
ტელეწამყვანმა დუტა სხირტლაძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სხირტლაძის მეუღლემ მარინა ნაცვლიშვილმა დაადასტურა.
მანამდე დუტა სხირტლაძე „ფეისბუქზე“ აქციის ერთ-ერთი მონაწილის,18 წლის ბიჭის დაკავებას გამოეხმაურა.
„ბავშვია, ბიჭო! ბავშვიიიიი! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ბიჭო და ყველას ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს (მათ შორის ჩემი უმცროსი კოლეგებიც). პატარა გოგო-ბიჭებს. ჟურნალისტებს, ოპერატორებს. ქვეყანა ამათია. შვილებისაა.
ვიღაცები „ბანდერლოგებს“ უწოდებენ. აი, ამათ. ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ახალ თაობას. თავისუფლებაში დაბადებულებს. ამათი გონება რომ მოგცათ მაგინებლებს - ისე შეგრცხვებოდათ საკუთარი თავის. თუ არ გჯერათ - გაბედეთ და დაელაპარაკეთ. ნებისმიერს. თუმცა რაზე უნდა დაელაპარაკოთ. ბავშვები, შვილები, ახალი თაობა - ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი. ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“,- წერს დუტა სხირტლაძე.