
IT სპეციალისტების ნაწილი გაიფიცა: "შევაჩერეთ ჩვენი მუშაობა რადგან განვითარება ჩერდება ამ ქვეყანაში!"
12/12/2024 08:19:21 საზოგადოება
IT სპეციალისტების ნაწილი ორდღიან გაფიცვას აცხადებს.
მათ დატოვეს სამუშაო სივრცეები, იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და ლოზუნგით, “თავისუფლება რეჟიმის პოლიტპატიმრებს", “წინ მხოლოდ ევროპისკენ“ - ლოზუნგებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ მოთხოვნა მარტივია: სისტემა უნდა შეიცვალოს, უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები პატიმრობიდან
"გამოსავალი არასტაბილური სიტუაციის დასტაბილურებისთვის არის ხელახალი არჩვენების დანიშვნა და მისი სამართლიანად ჩატარება. რაც შეეხება ჩვენს აქ დგომას, უბრალოდ, ამ მიმართულების ადამიანებს არ გვქონდა იმის მოტივაცია, რომ ოფისებში ვმჯდარიყავით და ჩვენი საქმე გვეკეთებინა. მოგეხსენებათ, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულება ისეთი სფეროა, რომელიცსერვისების განვითარებაზეა ორიენტირებული, ამისთვის კი გვჭირდება სტაბილური, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და სტაბილური სახელმწიფო. სადღეიზოდ ეს შეუძლებელია! მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესი იმდენად არეული და რეპრესიულია, რომ უბრალოდ არ შეგვიძლია ოფისებში ვისხდეთ და ჩვენი საქმე სტანდარტულად გავაგრძელოთ. ამიტომ გამოვედით, ვაპროტესტებთ, შევაჩერეთ ჩვენი მუშაობა რადგან პროგრესი და განვითარება ჩერდება ამ ქვეყანაში და გვინდა, ამის მიმართ ჩვენი ჩვენი პროტესტი გამოვთქვათ!“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.