
მეწარმეების ნაწილი: "ცინიკურ იმიტაციაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, მონაწილეობას არ მივიღებთ“
12/12/2024 09:11:25 საზოგადოება
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, 200-ზე მეტი მეწარმე უარს აცხადებს საშობაო ბაზრობაში მონაწილეობის მიღებაზე, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის.
მეწარმეები ხაზს უსვამენ, რომ საშობაო ბაზრობისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყება, თავადაც ამისთვის ემზადებოდნენ, თუმცა დღეს „ცინიკურ იმიტაციაში“ მონაწილეობის მიღება მიუღებელია.
„მთელი წელი ველოდებით ამ მარკეტებს. ოჯახები მუშაობენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად გაიტანონ თავი ტურისტულ სეზონამდე - აპრილამდე. მაგრამ როდესაც ასეთი რამ ხდება, ერთხმად ვთქვით, რომ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ! რუსთაველზდე ჩვენს შვილებს წამლავენ გაზით და ამ ფონზე ჩვენ ცინიკურ იმიტაციაში, თითქოს ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, მონაწილეობას არ მივიღებთ“,- „კატანაკატას“ დამფუძნებელი მაშკა დავლიანიძე.
ანალოგიური პოზიცია აქვს მეწარმე ლიკა ჭალაძეს:
„ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ეს თითოეულ ადამიანზე აისახება, აისახება მეწარმეებზე, რომელიც მოწყვლადი კატეგორიაა - რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი ფინანსურად სწორედ საშობაო და სხვადასხვა მარკეტებზეა დამოკიდებული. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც პრინციპები ყველაზე მნიშვნელოვანია. მგონია, რომ სრულიად აბსურდია, აქ ჩატარდეს საშობაო ბაზრობა, როდესაც 500-იოდე მეტრში აქციები ტარდება და ხალხი ქუჩაში დგას. გადაწყვეტილება ჩემთვცის მარტივი იყო, რადგან ქვეყანა მაქვს დასაკარგი. უარი ვთქვი იმიტომ, რომ უკეთეთი ხვალინდელი დღე გაუთენდეს უპირველესად ქვეყანას და გვქონდეს ჩვენი საქმის თავისუფლად კეთების შესაძლებლობა“.