
"თუ დიალოგს არ დაუბრუნდებიან, ეს იქნება სიგნალი, რომ ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციულია"
18/02/2020 07:28:27 საშინაო პოლიტიკა
"თუ ოპოზიცია დიალოგთან დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად, იგი მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი დიალოგის აუცილებლობაზე თანხმდება.
"ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ვართ ერთ პოზიციაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს, განსხვავებულ პოზიციაზეა. ჩვენი შეთავაზება არის პროგრესული, კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადად შევთავაზეთ ოპოზიციას 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები. ეს არის ტესტი ოპოზიციისთვის. თუ ოპოზიცია დიალოგის დაბრუნებას ვერ შეძლებს და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს. იმედი მაქვს, პოლიტიკური ძალები დიალოგს დაუბრუნდებიან და შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.