
სამი ოპოზიციური კოალიცია: არ ვცნობთ ჩანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს
12/12/2024 10:56:21 პოლიტიკა
სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ძლიერი საქართველო", "ერთიანებოა" - შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთა და ორი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერა: ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული დემონსტანტების გათავისულება.
ამასთან, მათი თქმით, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ქვეყანაში პრეზიდენტია და არ ცნობენ 14 დეკემბერს "ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტს, რომელსაც არც საერთაშორისო და, არც ჩვენი პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს, ჩანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს".
"ჩვენ, 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები, არ ვცნობთ და არ ვაღიარებთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, მის არცერთ შტოს.
ივანიშვილმა პროპაგანდით დაპირებული მშვიდობის მაგიერ ღია რეპრესიები, ტერორი და წამება დაუპირისპირა საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ, ევროპულ არჩევანს. მისმა ბანდფორმირებებმა 500-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, რომელთაგანაც 400-მდე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. პასუხად ქართველი ხალხი აგრძელებს უწყვეტ, მტკიცე და უპრეცედენტოდ მასშტაბურ პროტესტს მთელ საქართველოში, რაც გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოს ლეგიტიმური პოლიტიკური სპექტრი და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, მოვითხოვთ, საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის მებრძოლი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას - ყველა პირი, რომელიც ძალადობს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, პასუხს აგებს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე...
ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუტი პრეზიდენტია, შესაბამისად, საქართველოს ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია. არ ვცნობთ, 14 დეკემბერს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ ე.წ. პარლამენტს, რომელსაც არც საერთაშორისო და, არც ჩვენი პოლიტიკური ლეგიტიმაცია აქვს, ჩანიშნულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს. არალეგიტიმურ პარლამენტს არ გააჩნია პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება - ამდენად სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად, თავდაცვის ძალების მთავარსარდლად და ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში. შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან არსებობს ერთადერთი გამოსავალი - ახალი და სამართლიანი არჩევნები. ვაფასებთ, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომას და ველით შემდგომ ქმედით და მკვეთრ ნაბიჯებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.