
ღარიბაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ცნობებს მასზე ძალადობისა და პარტიის დატოვების შესახებ
12/12/2024 12:20:30 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-თან უპასუხა ბოლო დღეებში მის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მასზე ძალადობისა და პარტიის დატოვების თაობაზე.
მან ამ ცნობებს ტყუილი უწოდა.
„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მით უმეტეს, კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები - თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია - ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, - თქვა ღარიბაშვილმა.
მანვე ისაუბრა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციაზე, რომ პარტიის დატოვების გამო ღარიბაშვილზე თანაგუნდელებმა იძალადეს:
„მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ, არ მოვერიდები ამის თქმას და მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს იმის საჭიროება, რომ ექიმთან მივიდეს, რაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამაზე ამხელა სკანდალი და ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი ტყუილები მოიგონეს. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი“.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, ისაუბრა "პოლიციელებზე ძალადობაზე", ხოლო პიროტექნიკის გამოყენება შეადარა პარლამენტისთვის "ქვემეხებით და ავტომატებით სროლას":
"მათ ძალიან მაგრად მართეს ეს პროცესები და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ სწორედ პოლიციამ, ისევე როგორც უსაფრთხოების სამსახურმა, თავიდან აარიდა ჩვენ ქვეყანას გადატრიალება და რევოლუცია.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ მათი მიზანი ის კი არ იყო, რომ ვიღაცას რაღაც განცხადება არ მოეწონა - რაზეც შემდეგ არაერთი განმარტება გაკეთდა მთავრობის მხრიდან - მათი მთავარი მიზანი იყო ის, რაც მთელი 12 წლის განმავლობაში მათ თავში აქვთ - ეს არის გადატრიალების გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, ამ მოძალადე ფაშისტური ძალების.
ასევე, საზოგადოებამ იხილა ძალიან მკრეხელური, პირდაპირ უნდა ითქვას - სატანისტური რიტუალები, ამ ანარქისტების მიერ ჩატარებული რიტუალები - კუბოს დაწვა და ა.შ. მე მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანების, რომლებიც, შესაძლოა, გულწრფელად აპროტესტებენ, იქ დგომა და თანამონაწილეობა ავტომატურად იწვევს ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს".
მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა, ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება მიუხედავად საპოლიციო ძალების მხრიდან სპეცღონისძიების არაერთგზის გამოყენებისა. ამ დრომდე 500-მდე ადამიანია დაკავებული როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების წინააღმდეგ სასამართლო იყენებს მკაცრ სანქციებს - ჯარიმას ან პატიმრობას. სისხლის სამართლის წესით დაკავებულებს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა უმრავლესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან ანგარიშსწორებაზე. მათ აღენიშნებათ მძიმე დაზიანებები. უფლებადამცველები გამოყენებულ მეთოდებს წამების კვალიფიკაციას უწოდებს. ყოველდღიურად შეინიშნება მოქალაქეების უსაფუძვლოდ შეჩერების და ჩხრეკის პრაქტკა, რაც სრულდება დაკავებით.