
კახა კალაძე: მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება
12/12/2024 13:29:02 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება.
„როგორც იცით, დედაქალაქში დაწყებულია სადღესასწაულო სამზადისი, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველა ცენტრალურ გამზირზე, გარდა რუსთაველის გამზირისა, დამონტაჟებულია საახალწლო განათებები. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, ილუმინაციებით მორთვის სამუშაოები ცოტა მოგვიანებით დაიწყება. მინდა, მივაწოდო ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება შაბათს, 14 დეკემბერს და მთელ ქალაქში ეტაპობრივად ჩაირთვება სადღესასწაულო განათებები. მინდა გითხრათ, რომ თბილისი კვლავ იქნება ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე ლამაზი საახალწლოდ მორთული ქალაქი, სადაც ადამიანებს, ჩვენს პატარებს ექნებათ ბედნიერების, სიხარულის განცდა; სადაც პატარები ნახავენ ნამდვილ დღესასწაულს და გაერთობიან. ყველა პირობა იქნება ამისთვის შექმნილი. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ არიან გარკვეული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არეულობის შემოტანას ცდილობდნენ. თუმცა, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და გითხრათ, რომ ქვეყანაში აუცილებლად იქნება მშვიდობა, განვითარება და გადაიდგმება ყველა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ასე რომ, ერთად ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად ჩავიფიქროთ ჩვენი სამშობლოს გამარჯვებები. გელოდებით ყველას შაბათს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. რაც მთავარია, აუცილებლად ჩაიცვით თბილად, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ჩავიფიქროთ სურვილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დგას, სადაც 15 დღეა, აქცია იმართება.
ცნობისთვის: მე–15 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.