რუსეთის უშიშროება ხანგოშვილის მკვლელობასთან კავშირს კვლავინდებურად უარყოფს

18-02-2020 13:52:16 სამართალი

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეციალურ ქვედანაყოფ „ვიმპელის“ ასოციაციის პრეზიდენტი ვალერი პოპოვი ირწმუნება, რომ მისი ორგანიზაცია, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე მედიასაშუალების ერთობლივი გამოძიების შედეგებშია ნახსენები, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებითაა დაკავებული.

„ჩვენ ვიცით ეს ფონდი, [სპეცოპერაციების] არავითარი მზადებით ის დაკავებული არ არის. ეს უბრალოდ ვეტერანთა ორგანიზაციაა, რომელიც ბავშვებით, ქველმოქმედებითაა დაკავებული“, – აღნიშნა პოპოვმა და იქვე დასძინა, რომ „ეს რომ „ვიმპელს“ გაეკეთებინა, ცხოვრებაში ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა“.

„ეს ყველაფერი დილეტანტობაა, რაღაც პროვოკაცია, ვიღაცას სურს, ხელი „ვიმპელს“ შეახოცოს" - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: Bellingcat-ის, Der Spiegel-ის და Insider-ის მიერ ჩატარებული ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ელიტალური ქვედანაყოფის "ვიმპელის" ბაზაზე გაიარა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასორტი.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის, ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ დატოვა, რომელიც დღემდე გამოუძიებელია. თავად ზელიმხან ხანგოშვილი დარწმუნებული იყო მისი მკვლელობის მცდელობასთან რუსული კავშირის შესახებ.

„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ოჯახი საქართველოში დარჩა და არც ვაპირებდი მათ წაყვანას, ვფიქრობდი, რომ სიტუაციას მხოლოდ მე გავერიდებოდი გარკვეული პერიოდით, მაგრამ შემდეგ მომივიდა ინფორმაცია, რომ ჩემი მკვლელობა ახალ ჯგუფს მისცეს. ზუსტად ვიცი, რომ დავალების გამცემი „ეფესბეა“, ჩრდილოთ ოსეთშია მათი ჯგუფი მოკალათებული. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა თავად გადავწყვიტე, რადგან მიუხედავად არაერთი თხოვნისა და ოფიციალური მიმართვისა ქართულმა სახელმწიფომ დაცვა ჩვენთვის არ გამოყო. რიგ წერილებზე უარით მისტუმრებდნენ, ნაწილს კი საერთოდ უპასუხოდ ტოვებდნენ. ამის შემდეგ საკუთარი წყაროებით მივიღე ინფორმაცია „თუ შენ ვერ მოგწვდებიან, შენ ოჯახი არ იქნება უსაფრთხოდო“,- აცხადებდა „აქცენტისთვის“ 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში ხანგოშვილი.

ამავე ინტერვიუში ის ყვება, რომ 2015 წლის თავდასხმამდეც მზადდებოდა მისი და კიდევ ორი ქართველი გენერლის მკვლელობა და ეს მკვლელობა კავკასიელების ხელით უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მაშინ მიზანი ვერ მიიღწა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივებსა და რუსული მედიის მიერ მის ტერორიზმთან დაკავშირებას, ხანგოშვილი ხსენებულ ინტერვიუში ამახვილებს ყურადღებას:

„მე საქართველოში მტრები არ მყავს. რაც შეეხება რუსული სპეცსამსახურების მოტივებს, არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ. გარდა ამისა, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა თანხა და ეს მათთვის, ასე ვთქვათ, ფულის კეთების წყაროც არის. ამასთან, ქართველმა გამომძიებლებმა მითხრეს, თითქოს ბესლანის საქმესთან მქონია კავშირი. სისულელეა! დავიწყოთ იმით, რომ ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონია და თავად ამბის თაობაზე ტელევიზიით შევიტყვე. თუ არ ვცდები, მაშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამ საქმესთან ჩემს კავშირს ვერაფრით დაადასტურებენ. ამასთან, თუ რუსულ მედიას გადაავლებთ თვალს, უამრავ რამეში მადანაშაულებენ, მათ შორის - ტერაქტების განხორციელებაშიც. ეს ტყუილია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების დროს თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავებულიყოს, არათუ დაღუპულიყოს! რაც შეეხება რუს სამხედროებს, ვიმეორებ, ჩეჩნეთის ომში ვიბრძიოდი. თავდასხმამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რუსები საქართველოში ნიადაგის მომაგრებას ცდილობენ და პოტენციური მოწინააღმდეგეების გაწმენდას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავიო. ამისთვისაც არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება “.

უკვე 2019 წლის გაზაფხულზე ხნგოშვილმა „აქცენტს“ უთხრა, რომ მისი ლიკვიდაციის საკითხი ისევ აქტუალური იყო და ამის შესახებ მას დაზუსტებული ცნობები ჰქონდა, 23 აგვისტოს კი ის ბერლინში მოკლეს. 15 აგვისტოს ხანგოშვილს 40 წელი შეუსრულდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები