
სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების მსვლელობამ პარლამენტთან გადაინაცვლა - რუსთაველი გადაიკეტა
12/12/2024 14:53:21 საზოგადოება
სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის წინ გადაინაცვლა. მათ საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს. მანამდე ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, თბილისის მერიასთან, იუსტიციის სახლთან და ბოლოს საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
13 დეკემბერს დღის განმავლობაში არაერთი საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი. მაგალითად, 11-7 საათი IT/ Tech სავარაუდოდ რესპუბლიკის მოედნიდან გამართავენ მსვლელობას; 13:00 HR და ტრენერები ასევე - რესპუბლიკის მოედნიდან; 14:30 საათზე - მარკეტერები, PR-ები მსვლელობას გამართავენ ვაკის პარკის მთავარი შესასვლელიდან, 7 საათზე ელექტრონული მუსიკის მარში გაიმართება მარჯანიშვილის მოედნიდან, 8 საათზე ფსიქოლოგების მარში რესპუბლიკის მოედნიდან, აქციას ასევე გამართავენ ადვოკატები და მეღვინეები.
ყველა ეს მსვლელობა საბოლოოდ პარლამენტის წინ მოიყრის თავს, სადაც 28 ნოემბრიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში იმართება საპროტესტო აქციები.