
ბჟალავას ადვოკატი: პოლიციის განყოფილებაში ვატოზე იყო ძალადობა
12/12/2024 17:04:04 საზოგადოება
რონდელის ფონდის მკვლევარის ვატო ბჟალავას მონახულების შემდეგ ადვოკატი ამბობს, რომ პოლიციის განყოფილებაში მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
"ვატოს დაახლოებით ხუთი საათის განმავალობაში ვეძებდით და ვერ ვპოულოდით, რაც სისტემური პრობლემაა - არ გვეუბნებიან, სად გადაჰყავთ და მთელი ქალაქის მასშტაბით ვეძებთ. უშუალოდ ვატოს მიმართ იყო ძალადობა: დაკავების შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში, მასთან შევიდა ერთ-ერთი პოლიციელი, ეუბნებოდა, ტელეფონზე მოეხსნა პაროლი და ეთქვა, რა დაჯგუფებებში იღებდა მონაწილეობას აქციებზე. ამ დროს სახეში ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი და ფეხი ჩაარტყა წვივის არეში - დაზიანება აღენიშნება",- თქვა ადვოკატმა გიორგი ტაბატაძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ ბჟალავას კითხვებს სისხლის სამართლის საქმეზე უსვამდნენ, თუმცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგნეს.
"ეგონა, რომ დააკავეს სისხლის სამართლის წესით, რადგან ესაუბრებოდნენ სისხლის სამართლის საქმეზე. ვატო დაკითხულია კიდეც - სასამართლოში მისცა ჩვენება. მაგრამ ვინაიდან ვერაფერი აღმოაჩინეს - ვატო მკვლევარია, აქციებზე იღებს უფლებადარღვევებს, ასახავს იქ არსებულ ვითარებას - სისხლის სამართლის კუთხით ვეღარ წაიყვანეს საქმე და დაკავების მიზეზი რომ გაემართლებინათ, შეუდგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თითქოს იგი პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას. არადა ვიდეომასალაში ჩანს, რომ როდესაც მასთან სამი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი მივიდა და უთხრა, "განყოფილებაში უნდა წაგიყვანოთო", ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაჰყვა. ერთადერთი თხოვნა ჰქონდა, სახლამდე ძაღლის აყვანის შესაძლებლობა მიეცათ, მაგრამ არ მისცეს",- ყვება ადვოკატი.
მან თქვა, რომ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მოლოდინი არ აქვს.
მკვლევარის დაკავების შესახდებ დღის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი. როგორც ახლობლები ყვებიან, ის ძაღლს ასეირნებდა, მას შემდეგ, რაც შინ დაბრუნება დააგვიანდა, მოიძიეს ოჯახის წევრებმა და ხეზე მიბმული ძაღლი აღმოაჩინეს, იქვე არსებულ სუპერმარკეტში დასაქმებულმა ადამიანმა კი მათ უთხრა, რომ ბჟალავა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს. მოგვიანებით ახლობლებმა გაარკვიეს მისი დაკავების შესახებ.