
კარდიოლოგმა რამაზ ზოსიაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა: ჩამომართვეს ფანარი, "კანონსაწინააღმდეგო ნივთი არისო“
12/12/2024 21:41:36 საზოგადოება
კარდიოლოგმა რამაზ ზოსიაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა.
როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ის პოლიციის განყოფილებაში იძულებით გადაიყვანეს, ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, ასევე ჩამოართვეს ფანარი, რომელსაც ის პირადი მოხმარებისთვის იყენებდა.
ექიმი ამბობს, რომ განყოფილებაში გადაყვანამდე გაჩხრიკეს და როგორც კი ინფორმაცია მედიით გაჟღერდა, გაუშვეს.
„ახსნა-განმარტება დამაწერინეს, ელოდებოდნენ გამომძიებელს, გამოკითხვის ოქმი უმდა შეედგინათ, აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საჭირო, ჩამომართვეს ფანარი - "კანონსაწინააღმდეგო ნივთი არისო“,- თქვა ექიმმა.
ექიმი მის გამოკითხვაზე გადაყვანას მის აქტიურობას და პროევროპულ აქციაზე სიარულს უკავშირებს.
„სისტემა კომუკური ხდება, მართლა არ გვეშინია“,- დასძინა მან.
დაახლოებით ორი საათის წინ გახდა ცნობილი, რომ კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი საპატრულო პოლიციამ აქციიდან შინ მიმავალ გზაზე გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა.
მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც კარდიოლოგის ახლობლების და პოლიციის თანამშრომლების კომუნიკაციას ასახავდა. პოლიციელი ამბობდა, რომ ზოსიაშვილი დაკითხვაზე გადაიყვანეს განყოფილებაში, ის არ არის დაკავებული და რომ ოქმი შედგება. თუმცა, არ დაუზუსტებია, რას უკავშირდებოდა მისი დაკითხვა.