Accentnews.ge
WSJ: ტრამპს სურს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ

WSJ: ტრამპს სურს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ

13/12/2024 06:16:08 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს და უკრაინას სთავაზობს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა გააკონტროლონ ევროპის ქვეყნების სამხედროებმა, – იუწყება The Wall Street Journal (WSJ) ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ტრამპმა თავისი წინადადება 7 დეკემბერს, პარიზში შეხვედრისას გააცნო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

"ტრამპმა მათ უთხრა, რომ მხარს არ უჭერს NATO-ში უკრაინის მიღებას, მაგრამ სურს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყოს. The Wall Street Journal-ის წყაროთა ცნობით, ტრამპის სურვილია, რომ უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში მთავარი როლი ევროპამ შეასრულოს", – იტყობინება WSJ.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში ევროპის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას თავდაპირველად ერთმანეთთან განიხილავდნენ მხოლოდ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, ახლა კი პროცესში ჩართული არიან უკრაინა, ევროპის კიდევ რამდენიმე სახელმწიფო და ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია.

WSJ-ის წყაროთა თანახმად, "ევროპელი სამხედროები უკრაინაში შესაძლოა, განთავსდნენ სპეციალური სამშვიდობო მისიით, თუმცა, არა NATO-ს ეგიდით".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონსა და დონალდ ტრამპთან პარიზში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ და ტრამპს მადლობას უხდის ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის. ზელენსკის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S