
პაპუაშვილი - აშშ-ის სავიზო შეზღუდვებზე: ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც საქართველოა
13/12/2024 08:22:03 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით ამბობს, რომ აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია „ურთიერთობას აფუჭებს მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც საქართველოა”.
მისი თქმით, „წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრმოკლებულია“.
„ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო, მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია. მეორე - პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები. როგორ ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – სხვას. მესამე - ამერიკის წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო სააკაშვილის ბოლო წლებშიც, როდესაც ადამიანების წამებამ განსაკუთრებული სახე მიიღო. ფაქტობრივად, განადგურა თავისუფალი მედია და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა. ჩვენ არ გვახსოვს არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი. ამ ფაქტორების გამო ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრმოკლებულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები. მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ხსენებულ პირთა მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაა.
განცხადებაში ასევე გაკეთებულია მინიშნება იმაზე, რომ მზადდება შემდგომი სანქციებიც და ეს შეზღუდვა აშშ-ის მხრიდან ბოლო არაა.
"სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებითი ქმედების შესახებ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას, არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტერებში და არიან კერძო მოქალაქეები.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წევრების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს.
ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართველ ხალხთან ერთად გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირს და მათი ოჯახის წევრებს", – ნათქვამია განცხადებაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ე.წ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ ამერიკის საგარეო უწყებამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს.