
კიდევ ერთი ნაცემი დემონსტრანტი: ერთ-ერთმა "რობოკოპმა" „თამაში“ მოინდომა
13/12/2024 08:56:47 საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება აქციებზე ნაცემი და დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დღეს, მათ შორის, ავთანდილ ტიტვინიძის შესახებ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მას პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
ტიტვინიძე 30 ნოემბერს დააკავეს, თუმცა მისი პროცესი ამ დრომდე არ გამართულა - მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა განსაზღვრული საპოლიციო ძალების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემდეგ.
როგორც ის იხსენებს, როდესაც აქციიდან შინ ბრუნდებოდა, დაედევნენ საპოლიციო ძალების წარმომადგენლები და მასზე იძალადეს. იზოლატორში 48 საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა ექიმის დახმარებას, სამედიცინო დახმარება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლოს სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა და ადვოკატმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება - მაშინ სასამართლო სხდომა ჩაიშალა.
„სპეცრაზმმა მომიწოდა, რომ შემეძლო სახლში წავსულიყავი. მე ეს დავიჯერე, დავაპირე სახლში წასვლა და როდესაც გზა გადავკვეთე, ნიღბიანმა პოლიციელებმა ძირს დამაგდეს. იქ მირტყეს, მაგრამ ეს დიდი არაფერი იყო, მაგრამ როდესაც გამიყვანეს მოშორებით, ერთ-ერთმა რობოკოპმა „თამაში“ მოინდომა - სახეში შემომცხო „დუბინკა“. საკმაოდ დიდი რაოდენობის სისხლი დავკარგე. ძვლები მაქვს ჩამტვრეული, ცხვირის ღია ჭრილობა მაქვს, ასევე მაქვს ტვინის შერყევა. იქ იყვნენ ფორმიანი, ისე უფორმო პოლიციელები. სახეზე მხოლოდ ერთს ჰქონდა ნიღაბი აწეული - მახსოვს ეს ადამიანი, რადგან ტელეფონი წამართვა. შემიძლია მისი ამოცნობა და ტელეფონსაც მოვკითხავ, რადგან მას შემდეგ ტელეფონი არ ჩანს, პოლიციას არ აქვს. ორი დღე მამყოფებს ექიმის გარეშე, შემდეგ პროცესზე გავხდი ცუდად, სასწრაფო ისევ ჩემმა ადვოკატმა გამოიძახა“,- ყვება ახალგაზრდა კაცი.
ის იხსენებს, რომ აქციაზე ვითარების შესაფასებლად მივიდა, „ცოტა გაურკვევლობაში ვიყავი - ვინ იყო სწორი, ვინ მართალი ... და პოლიციის შიდა სივრცეში რომ ჩავიხედე, მივხვდი ვინ არის დამნაშავე და ვინ იტყუება. იმდენჯერ მომატყუეს... ყველა სტრუქტურა აგებულია ტყუილზე“.
ადვოკატის თქმით, დოკუმენტებში წერია, თითქოს ახალგაზრდა კაცმა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე, დახმარებაზე, რეალურად კი 48 საათის განმავლობაში ითხოვდა სამედიცინო დახმარებას“.
„შსს-ს არ მოაქვს მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა დაკავების საფუძვლიანობის ფაქტს. დაკავების შემდეგ მიაყენეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ცემდნენ, შემდეგ უკვე საპატრულო ეკიპაჟის მანქანაშიც მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა. არსებობს კადრები, რომ დაკავებამდე არანაირი დაზიანება არ ჰქონდა ავთანდილს, ხოლო შემდეგომ, როდესაც გამოჰყავთ დიღმის იზოლატორიდან, კადრებში ჩანს, როგორ არის ნაცემი და ითხოვს სამედიცინო დახმარებას, თუმცა დახმარებას არავინ უწევს“,- ამბობს ადვოკატი.
განახლება
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ავთანდილ ტიტვინიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.