Accentnews.ge
ნონა ქურდოვანიძე: სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

ნონა ქურდოვანიძე: სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13/12/2024 08:59:56 საზოგადოება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურრდოვანიძის განცხადებით, სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება, როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად.

"მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი ან მოწმე, გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელსაც გავასაჯაროებთ, ან მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია მეილის - evidence@gyla.ge მეშვეობით. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ეს მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნით: დარღვევების მასშტაბის შესწავლა და პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის. მზად ვართ, ყველა ეს მტკიცებულება სწრაფად დავამუშაოთ, გავაანალიზოთ. ამ პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული. ნებისმიერი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით შეიძლება, ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, შეუძლია, დაგვიკავშირდეს და ჩვენ პროცესთან დაკავშირებით მეტ დეტალს ეტაპობრივად მივაწვდით“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის: მე–16 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S