
ევროპული ანალიტიკური ცენტრების 11 წარმომადგენელი ევროკავშირს მოუწოდებს, "ოცნების" ძალადობრივ რეჟიმს" სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს
13/12/2024 09:45:22 საზოგადოება
ევროპული ანალიტიკური ცენტრების 11 წარმომადგენელი ევროკავშირს მოუწოდებს, "ქართული ოცნების" ძალადობრივ რეჟიმს" სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს.
როგორც ევროპელი ანალიტიკოსების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ითხოვენ "სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას საქართველოს მმართველი "ქართული ოცნების" მთავრობაზე არჩევნების გაყალბების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხებისთვის".
- "ჩვენ, როგორც ევროპელი ანალიტიკოსები, მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შეაჩერონ "ქართული ოცნება", გადააქციოს საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ. მნიშვნელოვანია ვიმოქმედოთ ახლავე და სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, არჩევნების გაყალბებაზე და კანონებზე, რომლებიც ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებას და ადამიანის უფლებებს. „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებელია ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მისი პარტია იღებს და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებასა და ძალადობის პოლიტიკაზე. ამიტომ მას ევროკავშირმა სანქცია უნდა დაუწესოს; მისი აქტივები საზღვარგარეთ უნდა გაიყინოს.
- ქართველი ხალხი ყოველდღიურად მართავს დემონსტრაციას თავისი ევროპული მომავლისთვის. მათ სჯერათ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის. შოკისმომგვრელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები არ იყვნენ მზად ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამ მასიური ძალადობისთვის, მიუხედავად ძალადობრივი ქმედებების შესახებ მრავალი მუქარისა, რომელიც განხორციელდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
- თუ ევროკავშირი ახლა უფრო გადამწყვეტად არ იმოქმედებს, ის დაკარგავს ყოველგვარ სანდოობას თავის სამეზობლოში - რასაც ასევე ექნება შედეგები უკრაინაზე, მოლდოვაზე და სომხეთზე ისევე, როგორც უფრო ფართოდ, მის პოზიციებზე მსოფლიოში.
- თუ ევროკავშირი ვერ იმოქმედებს, ის კრემლისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებს გაუგზავნის ისეთ სიგნალებს, რომლებიც უფრო მეტ ძალადობას, არჩევნებზე მანიპულირებას და ავტორიტარიზმს გამოიწვევს. ევროკავშირში კონსენსუსის ნაკლებობა - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას მხოლოდ ერთი ავტორიტარული სახელმწიფო, ანუ უნგრეთი უშლის ხელს - უბრალოდ არ არის უმოქმედობის საბაბი.
ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა იმოქმედონ ახლავე, სანამ გვიან არ არის. კონკრეტულად, ეს უახლესი თარიღი 16 დეკემბერია, როდესაც ბრიუსელში დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა. იქ წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ არსებითი გადაწყვეტილებები მათ მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, არჩევნების გაყალბებაზე და სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაზე საქართველოში.
გარდა ამისა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დღის წესრიგში უნდა შეიტანოს საქართველოს საკითხი ხუთშაბათისთვის ბერლინში თავის კოლეგებთან საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან (ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი) დაგეგმილ შეხვედრაზე. ევროკავშირმა უნდა გაზარდოს ბიძინა ივანიშვილისთვის ფასი, თუ იგი გააგრძელებს ძალადობისა და არალეგიტიმური მმართველობის გზას", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპული ანალიტიკური ცენტრების 11 ხელმძღვანელი და წარმომადგენელი.