
უწყვეტი პროტესტის მე–16 დღეს მოქალაქეებმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში გზები გადაკეტეს
13/12/2024 10:31:23 საზოგადოება
უწყვეტი პროტესტის მე–16 დღეს მოქალაქეებმა თბილისსა და ბათუმში გზები გადაკეტეს.
13:00 საათიდან თითქმის ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქის რამდენიმე უბანში გადაიკეტა გზები. ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირი თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი.
მოქალაქეების ნაწილი სამსახურებიდან გამოვიდა და ერთი საათის განმავლობაში პროტესტს შეუერთდა.
გარდა ამისა, ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ბათუმში მდებარე გორგილაძის ქუჩა. 1- დან 2 საათამდე სკოლა “ევრო 2000”-ის მასწავლებლებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს, გადაკეტეს გზა.
ცნობისთვის: მე–16 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.