Accentnews.ge
IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს

13/12/2024 10:57:14 საზოგადოება

IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებმა რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის ნახევარი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები მსვლელობით შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმართულებით გადაინაცვლებენ, სადაც, სავარაუდოდ მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების მსვლელობას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.

გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაა დაანონსებული.

ცნობისთვის: მე–16 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S