Accentnews.ge
აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

13/12/2024 11:15:42 საზოგადოება

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2000 ლარით დააჯარიმა. ის ერთ-ერთია იმ 400-ზე მეტი ადამიანიდან, რომელიც პოლიაციამ ბოლო 16 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე აქციებზე დააკავეს.

გიორგი ნაკაშიძის საქმის განხილვის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ნაკაშიძე პოლიციამ 3 დეკემბერს დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობისთვის. მისი თმით, დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკურად იძალადეს:

„მე წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, წამებში მოხდა, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას, პატრულს გადაგვცეს, იქ უკვე ნორმალურად გვექცეოდნენ“.

ცნობისთვის: მე–16 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S