
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
13/12/2024 14:27:57 საზოგადოება
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ მისი შვილი ირინა გაფრინდაშვილი იტყობინება.
რისთვის იბარებენ ექიმს გამოკითხვაზე, უცნობია. გაფრინდაშვილი აქტიურად არის ჩართული პროევროპულ აქციებში.
"მამაჩემს, ვაჟასაც დაურეკეს გამოძიებიდან, რისთვის იბარებენ არ განუმარტავთ. ვაჟამ უარი განაცხადა გამომძიებელთან თანამშრომლობაზე და ელოდება მაგისტრ მოსამართლესთან სასამართლოში დაკითხვაზე დაბარებას. რისთვის იბარებენ გამოძიებაზე არ ვიცით, ამიტომ ეს პოსტი არის ინფორმაციული. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ товарищи, ღამე მარტო არ უნდა დავტოვოთ, რომ მარტომ არ იმოძრავოს. დიდი მადლობა ქართული ოცნება! საოცრად მშვიდობიან საქართველოში გვაცხოვრებთ,"- წერს სოციალურ ქსელში ირინა გაფრინდაშვილი.
განახლება
ვაჟა გაფრინდაშვილი გამოკითხვაზე მისი დაბარების უკან აქტიური მოქალაქეების დაშინების მცდელობას ხედავს.
"როდესაც მაკა ჩიხლაძეზე და გიორგი შეწირულზე მოხდა თავდასხმა, მაშინ დავრეკეთ 112-ში და მოვითხოვეთ, მოსულიყო პოლიცია, რათა დამნაშავეები დაეკავებინათ. ამ თემაზე დამიბარეს გამოკითხვაზე, მაგრამ მე უარი ვუთხარი და დავეთანხმე მხოლოდ მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე, რადგან ვთვლი, რომ დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გვყავს. საქართველოში არის ფორმიანი ბანდიტები, რომლებიც ემსახურებიან პუტინის დავალებებს.
ჩემი გამოკითხვაზე დაბარება ემსახურება იმას, რომ საზოგადოების შედარებით აქტიურ ნაწილზე ზეწოლა მოხდეს, რათა ხელი ააღებინონ აქციებში მონაწილეობაზე და მოახდინონ იზოლაცია. მათი ეს ქმედებები იწვევს მოსახლეობის უფრო გაღიზიანებას და უერთდებიან აქციას", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.