
დეკანოზი ჯაღმაიძე: ის, რაც ვაკის ტაძარში მოხდა, ეკლესიის დარბევას უტოლდება
13/12/2024 15:16:59 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან (რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა) დღეს განვითარებული მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას“.
„ის რაც დღეს ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქზე".
მისი თქმით, „რამდენად სწორადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას“.
მანამდე ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობა იმართებოდა, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა დემონსტრანტების კითხვებს ტაძართან მდგარი მღვდლებისადმი, რატომ ხუჭავს თვალს ეკლესია აქციებზე პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე.
დეკანოზმა კეკელიამ თქვა, რომ იგი ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც.
"ყოველღამე ვლოცულობ, ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისა და ჩემი ერისთვის... მერე, რომ დასჭირდებათ მღვდელი, ისევ ჩვენ გვეძახიან. რომ გარდაეცვლებათ შვილი, ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან? გაგვანადგურეთ მაშინ... ეგ იყო კომუნისტების დროს",- თქვა დეკანოზმა კეკელიამ.
მან ასევე დაწყევლა „ყველა, ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა“.