
სალომე ზურაბიშვილი: არსად მივდივარ - აქ ვარ და აქ ვიქნები
13/12/2024 16:33:25 პოლიტიკა
მე არსად მივდივარ, აქ ვარ და აქ ვიქნები,- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
"ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არჩეულია და რომელიც ასახავს ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია და მე ვარ თქვენი წარმომადგენელი შიგნით. ვიდრე ჰქონიათ რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება ამ საზოგადოების დამონება, აქ ვარ და ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ, თუ როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები, რათა დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა პაროდია უწოდა პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებას, რომელზეც პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. „ქართული ოცნების“ კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.
„ეს იქნება ღონისძიება, რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, ეს მოყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს. ამიტომ, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება“.
მან ასევე პაროდია უწოდა „ხალხის ძალის“ გადაწყვეტილებას, გამოეყოს „ქართულ ოცნებას“ და შექმნას „ჯანსაღი ოპოზიცია“.
„ამას არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად გაგვიხადეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. ეს ასევეა პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან შეურაცხყოფაა ჩვენი წარსულის, კულტურის ტრადიციების, დამოუკიდებელი ქვეყნის, ინსტიტურების. [...]
„ჩვენ ამაზე არ შევჩერდეთ, ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა - პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან - ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, მთავარია ის, რომ ყოველ დღე გამოდის მეტი და მეტი ადამიანი, რომელიც საკუთარ პროტესტს აფიქსირებს. ამან უკვე მოიცვა მთელი ქვეყანა".
მისი თქმით სამოქალაქო საზოგადოება შედგა, ევროპული მომავალი ეროვნული იდეაა და კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ არჩევნებია:
"ვერ დაშლით, ვერ დააპატიმრებთ ყველას, არც მუქარა, ყველა ეს ზომები, ხერხები, რომლებიც ტოტალიტარული რეჟიმის მიერ არის გამოცდილი, ვერ გაჭრის ამ საზოგადოებაზე ერთი მარტივი მიზეზის გამო - საქართველო დგას და იდგება, შეიკრა სამოქალაქო საზოგადოება, მან ხმა ამოიღო, შედგა. ასევე ევროპული საქართველოს იდეამ გააერთიანა ერი და შედგა ეროვნული თანხმობა. ის, რასაც ვხედავთ ქუჩებში - სოლიდარობა, სიყვარული, მოთმინება, მშვიდობიანი გამოხატულება ერთიანი ეროვნული განცდის, არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. ეს არის იდეა, რომელიც რეალობად იქცევა. ერთი რამ აკლია და ეს მოთხოვნა დგას - ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის - დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა პოლიტიკური გზა არ არსებობს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა, რაიმე ფორმით ამ კრიზისიდან გამოვიდეთ გამარჯვებულები, არის ერთადერთი გზა - არჩევნების გზა. სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც პოლიტიკური პროცესი".