
გილაური: 3-4 დღეში 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა ფონდში - 330 ათასი ლარია გადმორიცხული
13/12/2024 19:34:10 საზოგადოება
კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური ამბობს, რომ აქციაზე ნაცემი, დაშავებული მოქალაქეებისა და ჟურნალისტების, ასევე გაფიცული და სამუშაო ადგილებიდან წამოსული ადამიანების დასახმარებლად შექმნილ ფონში, 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა უკვე 330 ათასი ლარი ჩარიცხა.
"ფონდი რეალურად შეიქმნა 3-4 დღის წინ, რადგან რაღაც პროცედურების გავლა სჭირდებოდა და ამ 3-4 დღეში 200-ზე მეტმა ადამიანმა და ბიზნესმა გადმორიცხა თანხა - 330 ათასი ლარია უკვე გადმორიცხული ამ ფონდში, რაც არაჩვეულებრივია, ყველას მადლობა ამ სამოქალაქო პოზიციისთვის, ნდობისთვის. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ იქნება სრულიად გამჭვირვალე, ყველაფერს აღვრიცხავთ და ყოველ კვირის ბოლოს გავაკეთებთ ანგარიშს ამ ფონდის, Prosperity Georgia-ს ვებგვერდზე, სადაც აღვწერთ ყველა იმ ქეისს, რომელზეც ეს თანხა გამოვიყენეთ",- თქვა გილაურმა "მთავარ არხთან".
გილაური ამბობს, რომ შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ თანხის გაცემაზე მუშაობს და პროცესიც დაიწყო:
"მაგალითად, გადავეცით თანხა GORGIA-ს იმ თანამშრომელს, რომელმაც დატოვა კომპანია პროტესტის ნიშნად მას შემდეგ, რაც GORGIA-მ არ ყიდდა აირწინაღებს. გვინდა, ასეთ გმირული ნაბიჯები წავახალისოთ. ასევე დავაფინანსეთ გაზის გაშვების შემდეგ დაზარალებული ქალბატონი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვნად დაიზიანა მხარი და სჭირდება პროთეზი - მას ვუხდით ოპერაციის თანხას, ვაპირებთ, რომ გადავუხადოთ თანხა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ პროტესტების მანძილზე".