
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია – “ოცნებას“ : საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ, მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს
14/12/2024 08:25:59 პოლიტიკა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა.
მისი თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს.
„უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”,- განაცხადა ადა მარშანიამ.
ცნობისთვის: დღეს არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და, შესაბამისად, აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.
პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.