
ზურაბიშვილი – პრეზიდენტის არჩევაზე: "ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს"
14/12/2024 09:28:00 პოლიტიკა
"დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა, ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: მე–17 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.
დღეს, 14 დეკემბერს არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და, შესაბამისად, აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.
13 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.