Accentnews.ge
ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი – ყაველაშვილის არჩევაზე:  "ქართული ოცნება" საქართველოს დაყოფას აღრმავებს"

ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი – ყაველაშვილის არჩევაზე:  "ქართული ოცნება" საქართველოს დაყოფას აღრმავებს"

14/12/2024 14:23:55 პოლიტიკა

ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ეხმიანება დელეგატების მიერ პრეზიდენტად "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის არჩევის ფაქტს.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი მიიჩნევს, რომ "მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საქართველოს დაყოფას აღრმავებს, გადატრიალებას გეგმავს და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს".

„დღეს საქართველოში რეალური არჩევნები არ ყოფილა. რაც მოხდა ფარსი იყო, ისევე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში. საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. ივანიშვილი სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას აგრძელებს“, - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში.ა

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ "„საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია“.

ცნობისთვის: პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად დელეგატებმა ყაველაშვილი პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს.

"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.

კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.

ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

300-წევრიანი კოლეგიის შემადგენლობაშია:

საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად];

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];

პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.

ამ პროცესებისპარალელურად, პარლმენტთან აქცია იმართება.

მე–17 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S