
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ყაველაშვილი "პოლარიზაციისა და ადამიანთა დაყოფის ხელოვნურ მცდელობებს" დაასრულებს
14/12/2024 15:13:59 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიხეილ ყაველაშვილს დელეგატების მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.
“ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ჭეშმარიტად ქართველ, პატრიოტ და ღირსეულ პრეზიდენტს. დღევანდელი არჩევნების შემდეგ სრულყოფილად ამოქმედდა საქართველოს ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის სრულად საპარლამენტო მოწყობას ითვალისწინებს. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ კი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში პოლარიზაციის, ადამიანთა დაყოფის და რადიკალიზაციის ხელოვნური მცდელობები. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც დააბრუნებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას კონსტიტუციის ფარგლებში და ამასთანავე, ითამაშებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი საზოგადოების გაერთიანებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაში”, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ცნობისთვის: 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.
მე–17 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.