
სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა: „ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ“
14/12/2024 15:27:52 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა. პარლამენტის წინ იგი მეგობართან ნათელა მაჭავარიანთან ერთად გამოჩნდა.
სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა:
„ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ. აქ თუ რაღაცას ვზეიმობთ, ვიზეიმებთ და ყველაფერში ერთად ვართ და ყველა წყნარად იყოს, არაფერი მოხდება ამ საღამოს, ყველანი ერთად ვიქნებით“.
ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა პროვოკაცია პარლამენტის წინ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დაგეგმვა, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:
„არაფერი პროვოკაცია არ იქნება, მე ვარ დედა და ბებია. [...] არანაირი პროვოკაცია არ იქნება“.
"შეეშინდა კალაძეს?" - ჰკითხა მას ჟურნალისტმა:
„არავის არ შეეშინდა, არაა საინტერესო“.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინ ცხრა აპრილის მემორიალთან დგას.
მანამდე რამდენიმე წუთით ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადაიდო.
„ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა, მათ დაშლისკენ მოვუწოდო.[...] მივიდეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“, -განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. დადგეს ნაძვის ხე და მოაწყეს სცენა. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო.
ღონისძიებამდე რამდენიმე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დგას, სადაც 17 დღეა, აქცია იმართება.
ცნობისთვის: მე–17 დღეა საქართველოში პროტესტი არ წყდება.
ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.