
ევროპელი პოლიტიკოსები: "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია"
14/12/2024 17:11:51 პოლიტიკა
რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მიერ არაპირდაპირი წესით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას.
"მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს ახალ პრეზიდენტად "არჩევა" მორიგი ნაბიჯია საქართველოს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტის "გლაიხშალტუნგის" (ნაცისტების მოგონილი ტერმინი, რომელიც მათ მიერ გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმის გამყარებას აღწერს - რ.თ.). მმართველი პარტია აღრმავებს დაყოფას საქართველოში, გეგმავს გადატრიალებას და ლიბერალური დემოკრატიის განადგურება სურს", - დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა x-ზე.
მოგვიანებით მან ასევე დაწერა, რომ "საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია".
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ დაწერა, რომ "ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებას განაგრძობს".
"დღეს საქართველოში ნამდვილი არჩევნები არ ყოფილა. რაც ჩატარდა ფარსი იყო, ზუსტად ისე, როგორც რუსეთში, ბელარუსსა და სხვა ავტოკრატიებში", - წერს ლიეტუველი პოლიტიკოსი და დასძენს, "საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირი პრეზიდენტი ზურაბიშვილია, არჩეული თავისუფალი არჩევნების შედეგად".
მსგავსი გზავნილი ჰქონდა ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარკო მიჰკელსონს.
"საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია", - დაწერა მან.
ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოც გამოეხმაურა:
"დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად შეკრებილს, სურს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევა, ულტრა-მემარჯვენის და პრო-რუსის, როცა ყოველდღე ქართველები პროტესტს მართავენ დემოკრატიისა და ევროპისადმი თავისი ერთგულების გამოსახატად. ჩემი სრული მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს განასახიერებს".
ნატალი ლუაზომ ასევე გააზიარა მარკო მიჰკელსონის პოსტი.
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ზე ასევე კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს:
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“ - ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი და საქართველო რუსეთის ორბიტაში ჩააბეტონონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაშვილია,“ - წერს კოლსი.
ანალოგიური შინაარსისაა პოლონელი ევროპარლამენტარი მიხაელ შჩერბას პოსტიც:
"სალომე ზურაბიშვილი არის და დარჩება საქართველოს პრეზიდენტად.
ევროპარლამენტი არ ცნობს არასამართლიან არჩევნებში არჩეულ "პარლამენტს". მკაფიო პოზიცია გამოხატულია ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
მაშასადამე, ევროკავშირის ინსტიტუტები ვერ ცნობენ მისი მონაწილეობით რაიმე გადაწყვეტილებას, მათ შორის, ე.წ. "საარჩევნო კოლეგიის" [ხმოსნების] უკანონო შედეგებს.
მიხეილ ყაველაშვილი უზურპატორია. ქართველი ლუკაშენკო. ერთადერთი კანონიერი, კონსტიტუციური სახელმწიფო ორგანო საქართველოში არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პარტნიორი ევროკავშირისთვის."
მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მიულოცეს.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციის ფონზე.
26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.