
მეთიუ ბრაიზა: "ქართულმა ოცნებამ" თავისი არჩევანი გააკეთა. ის მუშაობს ვლადიმირ პუტინის საქმეების შესასრულებლად
15/12/2024 05:32:36 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთიუ ბრაიზა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ "ქართული ოცნება" პუტინის საქმეების შესასრულებლად მუშაობს.
"ბატონი ივანიშვილი იმაზე უფრო მდიდარია, ვიდრე ძალიან ბევრი ადამიანი დედამიწაზე. მას არ ადარდებს, დაუწესებს თუ არა ამერიკა ფინანსურ სანქციებს. ის არც ამერიკაში მოგზაურობას გეგმავს. იმ შემთხვევაშიც კი ის, რომ ევროკავშირს დაესანქცირებინა, ფაქტი ისაა, რომ ღია დაპირისპირება უკვე დაწყებულია. სწორედ ამის თქმას ვცდილობ. როდესაც პრემიერ-მინისტრმა ოთხი წლით გადადო ევროკავშირის ასოცირების მოლაპარაკებები საქართველოსთვის, მას უნდა სცოდნოდა, ის გონიერი პოლიტიკოსია, რომ ეს ძალიან პროვოკაციული გადაწყვეტილება იყო. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ამერიკის სანქციებს იმდენად ბევრი რამ შეუძლიათ "ქართული ოცნების" მიმართულებით, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის იმ 80%-ის სენტიმენტების გაძლიერება და გამხნევება, ვისაც სურს საქართველოს ევროკავშირში ხილვა. და ამით იმ ხალხის გამხნევება, მათი ენერგიის განმტკიცება, ვინც აპროტესტებს- ვფიქრობ, ეს იქნება ყველაზე დიდი საფასური, რისი დაწესებაც [საქართველოს] მთავრობაზე შეიძლება.
სახელმწიფო დეპარტამენტს არ სურს, რომ ქართველი ხალხი დაზარალდეს და ამიტომაც არ სურს დააწესოს ისეთი სანქციები, რამაც შეიძლება საქართველოს ეკონომიკას ავნოს.
"ქართულმა ოცნებამ" თავისი არჩევანი გააკეთა. ის მუშაობს ვლადიმირ პუტინის საქმეების შესასრულებლად. ამას ანაკლიიის პორტის გაუქმების დღიდან აკეთებს. ის ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ვექტორი გაანადგუროს. ეს ისეთი დიდი და პროვოკაციული ნაბიჯია, საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ მგონია მათ სანქციები საერთოდ ადარდებდეთ. თუმცა,პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა მათ აწესებდეს", – განაცხადა მან.
მან აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი":
"მე პროფესიულად გაზრდილი ვარ იმ პრინციპზე, რომ ამერიკა თავის ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან ერთიანად უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად ყველა საკითხზე. თუმცა, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ამ წუთას ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, რომ ამერიკის სანქციებს პოლიტიკურისა და მეორადი ეფექტის გარდა, რაიმე სხვა ეფექტი ექნება [საქართველოში].
პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი. ვინაიდან, ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის: ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურს თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ.
ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება".