
ესტონეთმა კობახიძე და კიდევ 13 ქართველი ოფიციალური პირი, მათ შორის მოსამართლეებიც დაასანქცირა
15/12/2024 10:49:30 პოლიტიკა
ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს. იმ პირების სიაში, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ, არიან მოსამართლეებიც,- ამის შესახებ სოციალ ქსელ X-ზე ინფორმაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაავრცელა.
„ესტონეთმა კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს ცაჰკნა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია დასანქცირებულების სია:
„ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, მიუღებელია, დანაშაულია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და დააწესონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“, - წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ესტონეთმა 2 დეკემბერს უკვე დაასანქცირა 11 მაღალი თანამდებობის პირი ლიეტუვასა და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს.