ნიკო მანაგაძე დააკავეს

15-12-2024 14:55:56 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს.

მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

ნიკო მანაგაძესთან ერთად იმავე საფუძვლით დააკავეს, მისი მეგობარი ნიკოლოზ კალანდაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ მარიამ პატარიძის თქმით, ორივე აქციიდან ერთად ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა, ნიღბიანმა პოლიციელებმა გააჩერეს.

„ეს იყო გატაცება. კოსტავას ქუჩაზე სტამბის მიმდებარედ ის შეაჩერა პირთა ჯგუფმა, რომლებიც იყვნენ სამოქაალაქო ტანისამოსში ჩაცმულები. უმრავლესობას ეკეთა ნიღბები და არ იყვნენ ნიკოსთვის აღქმულები, რომ სამართალდამცველები იყვნენ, მალევე ჩასვეს მანქანაში", - ამბობს პატარიძე.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ის შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. გამომძიებელს არ უთქვამს მანაგაძისთვის, რა საქმეზე იბარებდნენ მოწმედ. მან მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

„რა გინდოდა, დღეს, რომ დაგირეკეთ მოსულიყავიო" - უთხრეს. ეს იყო მიზანმიმართული ანგარიშსწორება იმიტომ, რომ ნიკო მანაგაძე იყო აქტიური. სამმართველოში მას უთხრეს, რომ ტელეფონის კოდი აინტერესებდათ, ნიკომ კოდი შეიყვანა, ხელიდან წაგლიჯეს და დაახლოებით ნახევარი საათი ჰქონდათ ტელეფონზე წვდომა, შემდეგ კი დალუქული შეიტანეს განყოფილებაში, არ ვიცით ამ ტელეფონზე წვდომით, რა ინფორმაცია მიიღეს", - ამბობს მარიამ პატარიძე.

მანაგაძეს რამდენიმე თვეა, დაზარალებულის სტატუსი აქვს: 7 ივნისს მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ რამდენიმე ახალგაზრდა დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, ჰქონდა სხეულის არაერთი დაზიანება, მათ შორის - ტვინის შერყევა. გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც კარგად ჩანან თავდამსხმელები, თუმცა გამოძიების დაწყებიდან 5 თვის თავზე, ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტზე არც ერთი პირი არ მიუციათ პასუხისგებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები