
სოზარ სუბარი:"ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია რეფორმატორული ხედვებით"
18/02/2020 15:14:27 საშინაო პოლიტიკა
„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი შოთაძის გადადგომა მისი მხრიდან ვაჟკაცური და ღირსეული ნაბიჯი იყო.
„ის გადადგა იმიტომ, რომ იყო საზოგადოებრივი პროტესტი და გაჩნდა ეჭვები, რამდენად სწორად წარიმართა გამოძიება. სხვათაშორის, ეს ეჭვები სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა. მან გადაწყვიტა, რომ გადამდგარიყო და გარიდებოდა პროცესს. ეს იყო ძალიან ვაჟკაცური და ღირსეული ნაბიჯი მისი მხრიდან. დღეს გაირკვა, რომ პროკურატურა იქცეოდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და არანაირი გადაცდომა და გადახვევა მათ გამოძიებაში არ არის” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარმა გაიხსენა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირაკლი შოთაძის გადადგომის წინააღმდეგი იყო.
„გაგახსენებთ თეა წულუკიანის მაშინდელ განცხადებას, რომელიც კატეგორიულად აპროტესტებდა შოთაძის გადადგომას და ამბობდა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის გარდა იმისა, რომ კანონის ფარგლებში ცდილობდა ემოქმედა. თეა წულუკიანი არ არის ის ადამიანი ,რომელიც ასეთ სიტყვებს ჰაერზე ისვრის” - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა.
საკანონმდებლო ორგანომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.
ირაკლი შოთაძეს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო, ხოლო შვიდმა დეპუტატმა თავი შეიკავა.
პლენარულ სხდომა არ დაესწრნენ "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
შოთაძის დაბრუნების გასაპროტესტებლად ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები პარლამენტთან დილიდან აქციას მართავდნენ.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით აირჩია.
ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.