Accentnews.ge
კალაძე: "მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როდის აინთება ნაძვის ხე, ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება?!"

კალაძე: "მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, როდის აინთება ნაძვის ხე, ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება?!"

15/12/2024 11:40:06 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებთ, უახლოეს დღეებში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან, თუ როდის აინთება მთავარი ნაძვის ხე.

„რაც შეეხება ნაძვის ხის ანთებას, გუშინ ჩვენ ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო. შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიხილეთ, რომ იყო მძიმე ნივთების, ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით, რაც ძალიან ცუდია. იყო აგრესიული ადამიანების ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, განურჩევლად იმისა, ვის, რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩვენთვის ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის ძვირფასი. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დროებით გადაგვედო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. ეს გამომდინარეობდა ზუსტად იმ უსაფრთხოებიდან, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. მომდევნო დღეების განმავლობაში საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და ამას ხომ ჩვენი შვილები და პატარები ელოდებიან,რომ აინთოს ნაძვის ხე, განათდეს ქალაქის ქუჩები და ასე შემდეგ. ახალი წელი ხომ ვერ გადაიდება? ახლი წელი ხომ ყველა შემთხვევაში შემოდის, შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ამ ყველაფერთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.

14 დეკემბერ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხის ანთების ცერემონია გადადო. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ მათ, ვინც ნაძვის ხის საზეომო გახსნაზე მოდიოდა და რომლებიც ახლა შეკრებილები არიან პატარებთან ერთად საკრებულოს შენობასთან, მათ არ მივცემთ საშუალებას წავიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და მინდა, მათ დაშლისკენ მოვუწოდო.[...] მივიდეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღობება ბავშვებს და მისცემს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას“.

თბილისის მერია ამ ღონისძიებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდა. დადგეს ნაძვის ხე და მოაწყეს სცენა. ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს 19:00 საათზე უნდა ანთებულიყო.

ღონისძიებამდე რამდენიმე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ გაითიშა და დაიწყეს ტექნიკის დაშლა.

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე დგას, სადაც 17 დღეა, აქცია იმართება.

ცნობისთვის: მე–17 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება.

ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S