კობახიძე და "ოცნების" კიდევ 16 პოლიტიკოსი ლიეტუვამაც დაასანქცირა

15-12-2024 17:20:06 ევროპა ,პოლიტიკა

ესტონეთის კვალდაკვალ, ირაკლი კობახიძე და "ოცნების" ხელისულების კიდევ 16 პოლიტიკოსი ლიეტუვამაც დაასანქცირა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ კესტუტის ბუდრისის ინფორმაციით, სანქციები გაფართოვდა ბიძინა ივანიშვილის სადავო ლეგიტიმაციის მქონე გუნდის დამატებით 17 წევრზე, მათ შორის - ირაკლი კობახიძეზე.

"ლიეტუვა აგრძელებს ქართველი ხალხს გვერდში დგომას და მათი ევროპული ოცნების მხარდაჭერას. ესტონეთთან კოორდინაციით ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებულ ქართველ პოლიტიკოსთა სია და დავუმატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის - ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წევრთა მიმართ ძალადობასა და ჩაგრვას. დროა ერთობლივი, ევროკავშირის დონეზე მოქმედებისთვის" – წერს ბუდრისი სოცქსელ X-ში.

დღესვე, რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა ესტონეთის ხელისუფლების ანალოგიური გადაწყვეტილების თაობაზე.

ცნობისთვის: 2 დეკემბერს ლიეუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქციები დაუწესეს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირებს. "ბალტიის სამი ქვეყანა შეთანხმდა, ეროვნული სანქციები დავუწესოთ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს. დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით" - წერდნენ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები