
ყაველაშვილი განმარტავს, ვინ შესთავაზა პრეზიდენტობა
15/12/2024 16:38:36 პოლიტიკა
დელეგატების მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტობა მმართველი პარტიის საპატო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შესთავაზეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედთან" ნტერვიუში იუსაბრა.
"რაც შეეხება შემოთავაზებას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა დამიძახეს შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლებოდა, განხილულიყო. ეს პროცესი ღიად წარიმართა. ბრიფინგზეც იყო გაცხადებული - რატომ მე და რატომ შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მე პრეზიდენტი გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ჩემთვის და მომეცა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ გამეანალიზებინა, რამდენად შევძლებდი ამ ტვირთის აღებას. იმ დღეებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრებთან მოხდა კონსულტაციები და შემდეგ მათმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა იმისთვის, რომ კანდიდატობაზე თანხმობა მიმეცა. თავისთავად, ცხოვრებაში გამოწვევები ბევრი მქონია, თუმცა იმ ჭრილში, რაზეც გვქონდა საუბარი, რომ არსებულ საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი, მკაფიოდ გამოკვეთილი, აუცილებელია საზოგადოებას სწორედ ისე მიეწოდოს, როგორც კონსტიტუციაშია მოცემული. ამ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ჩათვალა, რომ მე ვიქნებოდი ის პიროვნება, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთელს გუნდს, რომ გამოხატეს ჩემს მიმართ ასეთი მხარდაჭერა“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მან ასევე თქვა, რომ რიგ შემთხვევაში „რადიკალური“ და „აგრესიული“ იმიტომ იყო, რომ „ეს ყველაფერი ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“:
"ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება, ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო, არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე. რატომ ვიყავი ვთქვათ, რიგ შემთხვევაში რადიკალური, აგრესიული – ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ეროვნულ ინტერესს. ეს გულწრფელობა, ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას, უბრალოდ სხვა ფორმით".
ცნობისთვის: 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.