
ყაველაშვილი რიგ შემთხვევაში მის "აგრესიულობას" "ეროვნული ინტერესებით" ხსნის: "გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი"
15/12/2024 16:47:36 პოლიტიკა
დელეგატების მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ რიგ შემთხვევაში „რადიკალური“ და „აგრესიული“ იმიტომ იყო, რომ „ეს ყველაფერი ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში იუსაბრა.
"ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება, ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო, არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე. რატომ ვიყავი ვთქვათ, რიგ შემთხვევაში რადიკალური, აგრესიული – ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენ ეროვნულ ინტერესს. გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას სხვა ფორმით“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის: 14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად 300–წევრიანი საარჩევნო კოლეგიის დელეგატებმა პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩიეს "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და მეცხრე-მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.
"ქართულ ოცნებას" 300–წევრიან საარჩევნო კოლეგიაში 211 წევრი ჰყავდა, რაც პირველივე ტურში კანდიდატის დასამტკიცებლად საკმარისი იყო. ცესკომ, რომელიც პროცესს ატარებდა 224 ნამდვილი და ერთი ბათილი ბიულეტენი დათვალა. ბათილი ბიულეტენი ეკუთვნოდა კოლეგიის წევრს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან ადა მარშანიას.
კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს.
კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეების ნაწილი.