
რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირის უფროსი ამბობს, რომ "კოლეგების მიწვევით" იმყოფებოდა საქართველოში
15/12/2024 20:58:53 პოლიტიკა
რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსეი ლობარევი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში პროევროპულ აქციებზე დასაკვირვებლად "კოლეგების მიწვევით" იმყოფებოდა და აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს.
"ქართველი კოლეგების მიწვევით, როგორც რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, გავემგზავრე მივლინებაში, რათა ადგილზე გავცნობოდი ანტისამთავრობო დემონსტრაციებით გამოწვეულ სიტუაციას",- წერს ლობარევი.
ის, ბუნდოვანია რაზე დაყრდნობით, თუმცა ამტკიცებს, რომ "ქართველების უმეტესობა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი".
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში თავი ღირსეულად წარმოაჩინეს. დაშავებულია 150 პოლიციელი: დამწვრობები, მოტეხილობები, თავისა და სახის ტრავმები. ორგანიზებული ბოევიკების ჯგუფები იყენებენ ფოიერვერკს, მოლოტოვის კოქტეილებს, ხელკეტებს, კასტეტებს და სპეციალურ შურდულებსაც კი.
ორ რამეს მინდა გავუსვა ხაზი:
1. საღამოსა და ღამის პროტესტის მიუხედავად თბილისში დღისით ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინება.
2. საქართველოში რუსეთისადმი დამოკიდებულება ბოლო თვეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ქუჩებში, ბაზრობებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობდი, ყველას ჩემი ესმოდა და რუსულადვე მპასუხობდა.
აუცილებელია იცოდეთ, რომ პროფკავშირები პარტიულობისა და პოლიტიკის მიღმა არიან. მათი მთავარი მიზანი სამართალდამცავების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა". – წერს ლობარევი.
შსს-ს ლობარების შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.