
საბურთალოზე "სამეზობლოს მსვლელობა" მიმდინარეობს
16/12/2024 06:02:32 საზოგადოება
თბილისში, საბურთალოზე „სამეზობლოს მსვლელობა“ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ შეიკრიბნენ და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან.
აქციის მონაწილეებმა ქავთარაძის ქუჩის ნაწილობრივ გადაკეტვაც მოახერხეს.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“.
„ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად იმართება.
დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.