
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
16/12/2024 06:02:12 პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი, მათ შორის ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.
ასევე, დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხს განიხილავენ. ასევე, განხილული იქნება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება.
- 11 დეკემბერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს განიხილავს.
- მანამდე, 9 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან. ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“ და პერსონალური სანქციების დაწესება „ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
"უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ [„ქართული ოცნების“ ქმედებებს] ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს", – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: მე–18 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.