Accentnews.ge
პაპუაშვილი: საქართველო არის ტესტი ევროპისთვის

პაპუაშვილი: საქართველო არის ტესტი ევროპისთვის

16/12/2024 09:21:36 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის გამოცდაა და ბრიუსელის არჩევანია, "რამდენადაა ერთგული საკუთარი დეკლარირებული ღირებულებების".

„არ ვიცი, ვნახოთ რა განხილვები იქნება [ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე]. ერთადერთი ღია კითხვა არის დარჩენილი - რას ელოდება ევროკავშირის ესა, თუ ის ქვეყანა, თუ ცალკეული ინსტიტუცია საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ ჩვენ გვესმოდა საჯარო დაპირება, რომ ისინი დააკვირდებოდნენ საქართველოს არჩევნებს და არჩევნების შეფასებისთვის მათი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ჩაიარა არჩევნებმა, დაიდო ეუთო/ოდირის დასკვნა, წავიკითხეთ, მოვისმინეთ ზეპირი შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ გაირინდა სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, თუ ბიუროკრატი.

რა მოხდა? არ მოეწონა ვინმეს დასკვნა, რამე სხვა მოლოდინი ჰქონდათ?! ვხედავდით წინასაარჩევნოდ რომ იყო არნახული უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, მათ შორის სხვადასხვა ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ და გახსოვთ თქვენ, რომ მაშინ ვატარებდით მედიამონიტორინგს. დღეში, საშუალოდ, 4-5 სხვადასხვა უცხოელი აქტორის განცხადება იყო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვხედავდით, მათ შორის ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას. ვნახეთ დანიის სახელმწიფო როგორ აფინანსებდა საარჩევნო კამპანიას ოპოზიციის. სააკაშვილის პლაკატების გამოფენები რომ ხდებოდა ე.წ. დემოკრატიის ფესტივალად შეფუთული ღონისძიების ფარგლებში. ვნახეთ პირველად საქართველოს ისტორიაში ოპოზიციამ არ ჩაატარა ცალკე თავისი დასკვნითი ღონისძიება და ნაცვლად ამისა, „ენჯეოებმა“ ოპოზიციას დაუფინანსეს 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დასკვნითი ღონისძიება.

ეს ყველაფერი არის შორს ევროპული ღირებულებებისგან და უფრო მეტად და მეტად უახლოვდება იმას, რასაც სიტყვით ევროპელი პოლიტიკოსები ებრძვიან ხოლმე. არის გამონათქვამი, რომ ის ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად. ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, რომ იმდენად გართულნი არიან რუსეთთან ბრძოლით, იმასთან ბრძოლით, რასაც ისინი უწოდებენ არადემოკრატიულ ქცევას და ა.შ., რომ თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან. ამიტომაც ვამბობ მე, რომ დღეს აქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, მათ შორის დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სხდომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება.

საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებების, რომელზეც ხშირად საუბრობენ, დემოკრატიისა და ხალხების ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, რომ სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს სხვა ქვეყნებში მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლებად ჩათვლიან მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებაში და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ამიტომ ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის, რამდენად არიან ისინი ერთგული საკუთარი დეკლარირებული ღირებულებების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

11 დეკემბერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს განიხილავს.

მანამდე, 9 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან. ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“ და პერსონალური სანქციების დაწესება „ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.

"უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ [„ქართული ოცნების“ ქმედებებს] ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს", – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: მე–18 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.

საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.

აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.

11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S