
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მე პირადად არ დავბლოკავ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც პატივს არ სცემს ადამიანებს, მაგრამ არჩევნები სულ სხვა რამეა"
16/12/2024 09:56:11 პოლიტიკა
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიე ბატელი მხარს უჭერს სანქციებს მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენებისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სანქცირების შესაძლო დაწესებისთვის გაყალბების მტკიცებულებებს ელის.
„ცოტა ვშიშობ, რომ ჩვენ თუ ვიტყვით, სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, მაშინ ჯერ უნდა გავიგო და მოვისმინო, რომ იყო გაყალბება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოში არჩევნებს ასობით დამკვირვებელი აკვირდებოდა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიხილო, იყო თუ არა გაყალბებები და ეს არ ხდება იმიტომ, რომ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ამიტომ ახლა უნდა დავსაჯოთ, მაგრამ საქართველოს მთავრობის ქცევა მიუღებელია. მომიტინგეების დასჯა, ასეთი ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ მიუღებელია. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები უნდა დავსაჯოთ, მაგრამ პარტიის დასჯა იმის გამო, რომ მათ კარგი შედეგი აჩვენეს არჩევნებზე, როდესაც ჩვენ გვერჩივნა, კარგი შედეგი არ ეჩვენებინათ – ეს არაა ის, როგორც მე ვფიქრობ. ამიტომ საჭიროა დისკუსია და შეთანხმების პოვნა 27 წევრ ქვეყანას შორის, რაც ყოველთვის იოლი არ არის. არსებობს ორი რამ. ერთი არის არჩევნები – სამართლიანი არჩევნები. ფაქტი ისაა, რომ არჩევნები თუ იყო სამართლიანი, მაშინ ეს ის არაა, რომ ჩვენ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და ეს ამას დავაბრალოთ, არამედ ამ მომენტში მთავრობის ქცევაა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, თუ როგორ ექცევიან დემონსტრანტებს, ისინი ნამდვილად მიდიან არასწორი მიმართულებით. სწორედ ეს უნდა დავგმოთ და არსებობენ პასუხისმგებელი ადამიანები, თუმცა ამას ვერ დააბრალებ არჩევნების შედეგებს. ჩემი აზრით, არჩევნები არის ერთი საკითხი, ხოლო ქცევაზე პასუხისმგებლობა მეორე საკითხია. მე პირადად არ დავბლოკავ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც პატივს არ სცემს ადამიანებს, მაგრამ არჩევნები სულ სხვა რამეა და თუ არჩევნები კარგად ჩატარდა და ევროკავშირისკენ გზა… მაშინ ეს დასანანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რადგან მათ ჰქონდათ ბევრი ოცნება, სურვილი ევროპული მომავლისა და პოლიტიკური მიზეზებით ყველაფერი განადგურდება“, – განაცხადა, 'საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, მათ შორის საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
11 დეკემბერს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირი საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს განიხილავს.
მანამდე, 9 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები საჭიროებს სანქციების დაწესებას ევროკავშირისაგან. ევროკავშირის შესაძლო პასუხებს შორის მან დაასახელა უვიზო რეჟიმის შეჩერება „კონკრეტული კატეგორიის პასპორტებისათვის“ და პერსონალური სანქციების დაწესება „ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის კონსენსუსის შემთხვევაში“.
"უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ [„ქართული ოცნების“ ქმედებებს] ექნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს, 16 დეკემბერს", – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის: მე–18 დღეა, საქართველოში პროტესტი არ წყდება. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
პოლიცია აქციის დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს. პოლიცია აქციის მონაწილეთა დაკავების დროს ძალადობს მათზე, დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც - მათ ნაწილს საპოლიციო ძალები ფიზიკურად მაშინ უსწორდებიან, როცა ისინი პირდაპირ ეთერში მუშაობენ.
საპოლიციო ძალების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები იყენებენ პიროტექნიკას, დაშავებულები არიან პოლიციელებიც.
აქციების დაწყების შემდეგ – 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებებით დააკავეს 400-მდე პირი. ჯგუფური ძალადობის, პოლიციელებზე თავდასხმის და აფეთქების სისხლისსამართლებრივი ბრალდებებით დაკავებულია 30-ზე მეტი პირი. ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია არც ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ.
11 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში 352 პირი მოინახულეს. მისივე ცნობით, 352 ადამიანიდან არასათანადო მოპყრობაზე 226 პირი მიუთითებდა, ხოლო 157 პირს ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.