
"ოცნების" სადავო პარლამენტმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და რუსეთის დანაშაულების მამხილებელი ყველა რეზოლუცია დღის წესრიგიდან ჩახსნა
16/12/2024 10:12:50 პოლიტიკა
XI მოწვევის სადავო პარლამენტმა უარი განაცხადა წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მიერ ინიცირებული ყველა იმ რეზოლუციის პროექტების განხილვაზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს, რუსეთის დანაშაულებსა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკულ ალიანსში ინტეგრაციას შეეხებოდა.
გასულ კვირას XI მოწვევის სადავო პარლამენტის კომიტეტებმა წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი ინიციატივების განხილვის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს, მოგვიანებით კი სადავო პარლამენტმა დაამტკიცა იმ კანონპროექტთა ნუსხა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტიდან გადმოჰყვა და რომელზეც მუშაობას გააგრძელებს. ხსენებულ ნუსხაში ოპოზიციის არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ შევიდა.
განსახილველად წარდგენილ იმ საკითხებს შორის, რომელთა განხილვის პროცედურის გაგრძელება “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს, არის რეზოლუციათა შემდეგი პროექტები:
- “უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, გენოციდისა და ომის დანაშაულების შესახებ“;
- “უკრაინაში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თაობაზე“;
- “უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნების შესახებ“;
- “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ“;
- “საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე“.
წინა მოწვევის პარლამენტში "ოცნების" უმრავლესობა ოპოზიციის შეთავაზებების განხილვას ყოველ ჯერზე ბლოკავდა და განხილვის გადავადების გადაწყვეტილებას იღებდა. ახალმა - სადავო პარლამენტმა კი რეზოლუციათა პროექტების განხილვა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა.
“ეს რეზოლუციები აღარ არის დროული, მათი განხილვა ახალი მოწვევის პარლამენტში არც მიზანშეწონილია და შესაბამისად, მათი განხილვის პროცედურაც მიზანშეუწონელია“ - განაცხადა ხსენებულ რეზოლუციებთან მიმართებაში წამყვანი - საგარეო ურთიერთობთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.