
ელისაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა: დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა, ფაქტია, რაღაც მოხდა
16/12/2024 11:02:57 პოლიტიკა
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრს ალეკო ელისაშვილს პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
"პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, ელისაშვილს უცხოეთში კავშირები აქვსო... 30-იან წლებში "ტროიკა" რომ იყო, მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მიხეილ ჯავახიშვილს თუ მაზნიაშვილს, მათ თავს კი არ ვუყადრებ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო მაშინ.
ახლა ამ 10 დღეში რა მოხდა, ახლა აღარ მივიმალები? უცხოეთში ხშირად დადიოდიო. პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციაციებში დავდიოდი. ფაქტია, რომ რაღაც მოხდა".
მან თქვა, რომ ბრძოლად გააგრძელებს:
„ეს არაფერს არ ნიშნავს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ იანვრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი დამთავრებულა, ახლა იწყება ყველაფერი. ყველაზე მეტად ვიბრძოლებ, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც დაკავებული, გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, ჩემი უახლოესი ადამიანი „ოკმელა“ ზის, ძალიან ვაჟკაცი ქართველი ბიჭი და სხვა ნაწამები და ნაცემი პოლიტპატიმრები, რომლებიც იბრძვიან უკეთესი საქართველოსთვის, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, სანამ ისინი გარეთ არ იქნებიან. არ ვთვლი, რომ ჩემს თავს რაიმე სასიხარულო ხდება, რადგან მე შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც ციხეში შევხვდებოდი.
მადლობა ყველას, ვინ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე ჯიუტად იდგა და აპროტესტებდა. ახლა უფრო მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები ხელისუფლებიდან გავყაროთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.